წერეთელი თინათინ
იურისტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1957), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე 1960, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967), სისხლის სამართლის ქართული სკოლის ფუძემდებელი.
დაიბადა 1903 წელს. 1926 წელს დაამთარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ -ეკონომიური ფაკულტეტი. მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში პრაქტიკოს იურისტად, სსრ სახკომსაბჭოში იურისკონსულტად (1934-37). 1933-წლიდან ეწეოდა სამეცნიერო -პედაგოგიურ მუშაობას თსუ-ში. კითხულობდა ლექციებს სამოქალაქო სამართალში. 1937-1944 წლებში მიჰყავდა სპეცკურსი — მოძღვრება დანაშაულზე. იყოიურიდიული ფაკულტეტის დეკანი (1950-1952), საქართველის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიურ და სამართლის ინსტიტუტის სამართლის სექტორის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. მონაწილეობდა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის მომზადებაში. იყო რუსულ-ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის თანაავტორი და მთავარი რედაქტორი (1963) თ. წერეთელი იკვლევდა სისხლის სამართლის ზოგადთეორიულ პრობლემებს დანაშაულისა და პასუხისმგებლობის საკითხებს, სისხლის სამართლის საფუძვლებს. იგი მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო თუ საკავშირო კონგრესებსა და სიმპოზიუმების მუშაობაში– რომი, ვარშავა, პარიზი, ნიცა, ბუდაპეშტი და სხვა. ხელმძღვანელობდა საბჭოთა დელეგაციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სიმპოზიუმზე ვარშავაში (1957),.
თ. წერეთელი დაჯილდოებული იყო მაღალი სახელმწიფო ორდენებით, იყო შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენის კავალერი.
იგი გარდაიცვალა 1980 წელს.
მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოქვეყნებული ნაშრომები:
- დანაშაულის მომზადება და მცდელობა (1961),
- თანამონაწილეობა დანაშაულში (1965)
- მოძღვრება დანაშაულზე, ტ. I (1969),
- ლუარსაბ ანდრონიკაშვილი _ რევოლუციონერთა და პროგრესულ მოღვაწეთა დამცველი (1976),
- Причинная связь в уголовном праве (Тб. 1957, М. 1963)